გერბსა და დროშაზე დატანილი  სიმბოლოები, ოქროს გასაღები და  ორი მდინარის შესართავი,  გორის სავიზიტო ბარათად ქცეულ გორისციხესა და მის გეოგრაფიულ მდებარეობას ასახავს,  რითაც საუკუნეების მანძილზე განისაზღვრებოდა  გორის, როგორც   სტრატეგიულად მნიშვნელოვანი   ქალაქის  როლი. აღწერილობის მიხედვით,  გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, რომელიც  გადაკვეთილია ჰორიზონტალურად ქონგურისებურად ორ ნაწილად-ლაჟვარდისა და მეწამულ ველებად.ლაჟვარდის ველზე გამოსახულია ოქროს გასაღები (სიმბოლურად აღნიშნავს გორისციხის გასაღების ფლობას, ასევე, გორის, როგორც  საუნივერსიტეტო ქალაქის მიერ  ცოდნის გასაღების ფლობას) და ვერცხლის მთა (სიმბოლურად აღნიშნავს თრიალეთის ქედს).   მეწამულ ველზე გამოსახულია  ორი მდინარის შეერთება. ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი-სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს გარს არტყია შესამკობელი-ვაზის ფოთლების ვერცხლის ორნამენტი. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია ქალაქის სახელწოდება ,,გორი“.  ბაფთის ორივე მხარეს გამოსახულია ორი მცირე მეწამული ჰერალდიკური ჯვარი. მუნიციპალიტეტის დროშა გერბის მსგავსად ასევე მეწამულ და ლაჟვარდისფერ ველებად იყოფა. მეწამულ ველზე გამოსახულია ვერცხლის მარჯვნივ გადაბრუნებული ორკაპისებრი ჰერალდიკური ჯვარი,რომელიც ამავე დროს ორი მდინარის შესართავს  აღნიშნავს და რომელიც დროშას სამ ნაწილად ყოფს. დროშის მარჯვენა ნაწილში, ლაჟვარდის ველზე, ჯვრის მკლავებს შორის გამოსახულია ოქროს გასაღები. დროშის პროპორციებია  2:3  მუნიციპალიტეტის  გერბისა და დროშის ავტორია 32 წლის გორელი მხატვარი ნინო მჭედლიშვილი, რომლის მიერ საკრებულოსთვის წარდგენილი პროექტი შემდგომში საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის  სახელმწიფო საბჭოს მიერ ჰერალდიკური სტანდარტების შესაბამისად შესწორდა და მხარი დაეჭირა საკრებულოზე დასამტკიცებლად. მუნიციპალიტეტის მთავარი სიმბოლიკის შესარჩევად გასული წლის  სექტემბერში  ქალაქ გორის საკრებულოში შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შემოსულ 8 განაცხადს  შორის  უპირატესობა ნინო მჭედლიშვილის პროექტს მიანიჭა  მასში ასახული სიმბოლიკით გამოხატული იდეის გამო.