ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შეიქმნა.
საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ბრძანებას გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ხელი მიმდინარე წლის 27 იანვარს მოაწერა.
ბრძანების გამოცემიდან 1 თვის ვადაში მერიის კანცელარიაში იწარმოებს საბჭოს წევრობის მსურველთა რეგისტრაცია, რომლის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ქალაქის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საბჭოს შემადგენლობის დაკომპლექტების შესახებ.
საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით. კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს, მეწარმე სუბიექტს ან არასამეწარმეო - არაკომერციულ იურიდიულ პირს.
საბჭოს დაკომპლექტებიდან 3 დღის ვადაში მუნიციპალიტეტის მერი მოიწვევს საბჭოს სადამფუძნებლო სხდომას, ხოლო რეგულარული სხდომები გაიმართება თვეში ერთხელ.
საბჭოს უფლებამოსილებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მერის სამუშაო გეგმების, ბიუჯეტის პროექტების წინასწარი განხილვა; აქტუალური საკითხების ირგვლივ საზოგადოებრივი განხილვებისა და მოსახლეობის გამოკითხვების მოწყობა; სარეკომენდაციო ხასიათის წინადადებების შემუშავება და მერისთვის წარდგენა. 
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შექმნა განაპირობა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ გასული წლის 22 ივლისს განხორციელებულმა ცვლილებამ, რომლის თანახმადაც მრჩეველთა საბჭოების ამოქმედება ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის სავალდებულო გახდა. 
გორის მერიაში მიაჩნიათ, რომ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, როგორც დამატებითი ბერკეტი მუნიციპალიტეტების საქმიანობის გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა თანამონაწილეობის ხელშესაწყობად, მნიშვნელოვნად გაზრდის დემოკრატიის ხარისხს ქალაქის თვითმმართველობაში.