გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა  ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების თითოეულ წარჩინებულ კურსდამთავრებულს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო ავტორის ჯეკ ლონდონის 5 ტომეული გადასცა.   72 ოქროსი და 16 ვერცხლის მედლის კანდიდატის დაჯილდოების ცერემონია ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ -საგანმანათლებლო ცენტრში 16 იანვარს გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია (გვაზავა),  გორის მაჟორტარი დეპუტატი მალხაზ ვახტანგაშვილი,   ადგილობრივი ხელისუფლებისა და  საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. „თითოეულ მათგანს ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი განათლებაა და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით წარმატებული ახალგაზრდების გვერდით.“- აღნიშნა ქალაქის მერმა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ზურაბ ჯირკველიშვილის ინიციატივით, 43 წარმატებულ გორლელ აბიტურიენტს ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან წახალისების მიზნით, ერთჯერადად ფულადი ჯილდო გადაეცა. აბიტურიენტების დასაფინანსებლად საჭირო თანხის გამოყოფა  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის წახალისებისა და სკოლებში კლასგარეშე აქტივობების თანადაფინანსების პროგრამიდან“ განხორციელდა.