ხელისუფლებამ  გორის თეატრის წარმატება მსახიობებთან ერთად აღნიშნა. ქალაქის  მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრს ეწვივნენ,  დასს  საქართველოს თეატრალური საზოგადოების  კონკურსში მიღებული გრან-პრი მიულოცეს და მადლობის სიგელი გადასცეს. ,,სწორედ გუშინ განვიხილავდით თეატრის საკითხს, რა უნდა გავაკეთოთ მერიაში, რომ უფრო მეტად იქნას ჩვენი მხრიდან ის მხარდაჭერილი. თქვენმა გამარჯვებამ ახლა ჩვენი გეგმები უფრო ,,ლეგიტიმური“  გახადა, რადგან უფრო ადვილად შეგვიძლია დავარწმუნოთ ჩვენი ოპონენტები, რომ თეატრი  უფრო მეტი ხელშეწყობის ღირსია და  გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის.“ - განუცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა ,,ერისთაველებს“. გუშინ, 14 იანვარს, ჭიათურის დრამატულ თეატრში, ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით,   საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის კონკურსის ,,წლის საუკეთესო თეატრალური  ქმნილება“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. კონკურსის მთავარი პრიზი, გრან-პრი,  გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრმა მოიპოვა სპექტაკლით ,,ალუბლის  ბაღი“, რომელიც წლის საუკეთესო სპექტაკლად აღიარეს.