გორის  ცენტრალური    სასპორტო სკოლა     ხელბურთის საერთაშორისო  ტურნირის  მასპინძელია. 
ტურნირი საზეიმოდ 12 იანვარს გაიხსნა და  პირველი შეხვედრებიც  გაიმართა (ქუთაისი-რუსთავი - ანგარიში 28:28;  გორი-ვანაძორი -34:22).
ღონისძიებას ესწრებოდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, რომელმაც მონაწილეებს   ტურნირის გახსნა მიულოცა და გამარჯვება  უსურვა.  მონაწილეებს მიესალმა ცნობილი ქართველი ხელბურთელი ლევან იაშვილიც, რომლის  80  წლის იუბილის აღსანიშნავადაც მოეწყო ტურნირი.
ტურნირში მონაწილეობენ  2000-2001 წლებში  დაბადებულ  ვაჟთა ნაკრები გუნდები   პოლონეთის ქალაქ კრაკოვიდან, სომხეთის ქალაქ ვანაძორიდან და საქართველოს 6 ქალაქიდან: გორიდან, ბათუმიდან, რუსთავიდან, სამტრედიიდან, წყალტუბოდან და ქუთაისიდან.  ორგანიზატორთა განცხადებით, ხელბურთის საერთაშორისო ტურნირი გორში უკვე მესამედ იმართება და წელს  ის ყველაზე მასშტაბურია.
ტურნირის ფარგლებში   გუნდებს შორის  12 შეხვედრა გაიმართება, ფინალური  შეჯიბრება კი მიმდინარე წლის 14 იანვარს შედგება. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა  სამახსოვრო სიგელები და მედლები. ასევე, გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან  საუკეთესო მოთამაშეები 7 ნომინაციაში.
ტურნირის ორგანიზატორია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტული ცენტრი და  შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სასპორტო სკოლა. ტურნირის მხარდამჭერია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია, სპონსორი-გორის საკონსერვო ქარხანა ,,კულა“.