,,გორის მერია მიუსაფარ ადამიანებს ეძებს“ - ამ სათაურით გასული სიუჟეტით ,,თრიალეთი“  შეეცადა წარმოეჩინა  კონტრასტი 39 წლის თამილა ხუციშვილის  ოჯახის მძიმე მატერიალურ პირობებსა და მერიის სოციალური სამსახურის უფროსის ეკა ქუთათელაძის კომენტარს შორის, რომელიც მან ,,თრიალეთის“ ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს გორში მცხოვრები მიუსაფარი პირებისა და მათთვის დროებითი კარვების დადგმის საკითხთან დაკავშირებით გააკეთა. ეკა ქუთათელაძემ აღნიშნა, რომ  გორში კარვების დადგმის საჭიროება არ არსებობს და მიუსაფართა პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია, ამას მოწმობს მიმდინარე წელს განხორციელებული მონიტორინგის შედეგებიც, რომლის დროსაც მიუსაფარი პირი ქალაქის ქუჩებში არ დაფიქსირებულა. მერიის სოციალურ სამსახურში მიიჩნევენ, რომ მსგავსი შედარება არაადეკვატურია, რადგან სიუჟეტის გმირი ამ ეტაპზე არ განეკუთვნება მიუსაფართა კატეგორიას და მერიიდანაც არაერთი დახმარება აქვს მიღებული.   სოციალურ სამსახურში განმარტავენ, რომ ტერმინი ,,მიუსაფარი“ აღნიშნავს პირს, რომელიც ცხოვრობს ღია ცის ქვეშ, არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ლეგალური შემოსავალი და მის სახელზე არ არის რეგისტრირებული უძრავი ქონება, ან პირი, რომელიც მოცემულ მომენტში, იმყოფება ქუჩაში და მისი სიცოცხლე არის რისკის ქვეშ (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის N131 დადგენილება).   აღნიშნული კატეგორიის ადამიანების დასახმარებლად მერიის სოციალურ პროგრამაში მოქმედებს მე-18 მუხლი,  რომელიც გულისხმობს მიუსაფარ პირთა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარებას განსაკუთრებულ შემთხვევებში.  დახმარება ხორციელდება ერთჯერადი ფულადი დახმარების ან საქონლის/მომსახურების გადაცემის გზით.   აღნიშნული დახმარებით მერიის ფუნქციონირებიდან დღემდე ისარგებლა ისარგებლა 154-მა ადამიანმა, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა  23, მათ შორის,   ,,თრიალეთის“  სიუჟეტის გმირი ქალბატონი თამილა ხუციშვილიც, რომელიც ამ ეტაპზე არ განეკუთვნება მიუსაფარ ადამიანთა კატეგორიას, რადგან მერიიდან მიღებული აქვს ერთჯერადი ფინანსური დახმარება   600 ლარის ოდენობით. ხუციშვილმა იმის გამო. რომ ოთხი შვილიდან ერთი ჰყავდა სრულწლოვანი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების მუხლით ვერ ისარგებლა, მაგრამ მერიამ გაითვალისწინა მისი მდგომარეობა და დახმარება გასცა მე-18 მუხლის საფუძველზე. აღნიშნული თანხით   ბენეფიციარმა დაიქირავა ბინა,  დაუფიქსირდა მისამართი და მიეცა შესაძლებლობა  გაეკეთებინა განაცხადი სოციალური მომსახურეობის სააგენტოში ყოველთვიური სოციალური შემწეობის მისაღებად. აქედან გამომდინარე, თამილა ხუციშვილი მიუსაფარი პირების კატეგორიას არ მიეკუთვნება. იგი ამჟამად მერიაში აღრიცხულია, როგორც უსახლკარო პირი, რომლის დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართით მოხდება შესაძლებლობისთანავე. გარდა ფულადი დახმარებისა, თამილა ხუციშვილს მიღებული აქვს შეშა,  მერიის შუამდგომლობით  ,,წითელი ჯვრისგან“ სურსათი, ჰიგიენური  და საყოფაცხოვრებო საშუალებები და საახალწლოდ პროდუქტების პაკეტი უშუალოდ მერიის თანამშრომელთა და სპონსორი ინდმეწარმეების დაფინანსებით. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 8 იანვარს  ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ ეთერით გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით ,,გორის მერია მიუსაფარ ადამიანებს ეძებს“, სადაც   მერიის მიმართ გაჟღერდა ბრალდებები სოციალური დახმარებების გაცემასთან დაკავშირებით.