გორში ახლადრეაბილიტირებული მე-12 ბაგა-ბაღის შენობა გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა დღეს საზეიმოდ გახსნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები, აღსაზრდელები და მათი მშობლები.
მე-12 ბაღის შენობა 2012 წლის 17 დეკემბერს ძლიერი ხანძრის შედეგად დაიწვა, დღემდე ნაქირავებ ფართში სამი სააღმზრდელო ჯგუფით განაგრძობდა ფუნქციონირებას. დღეისთვის ბაღში 240 აღსაზრდელია რეგისტრირებული.
,,ეს ბაღი მერიის 2015 წლის ბოლო ინფრასტრუქტურული პროექტია. სხვა მრავალ პროექტთან ერთად წელს 9 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია გახორციელდა. მათ შორის ეს ბაღი ერთ-ერთი საუკეთესო გამოვიდა. ჩვენ ვაყენებთ სტანდარტს, რომ ყველა ბაღი ასეთი ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი. ბაღებზე მუშაობას ვაგრძელებთ მომავალ წელსაც და ვგეგმავთ ექსტერიერებისა და ეზოების კეთილმოწყობას“ - განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა.
მე-12 ბაგა-ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „გრანიტმა“ განახორციელა. 
რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა, 436 762 ლარი, საქართველოს მთავრობის მიმდინარე წლის 18 მაისის №994 განკარგულების მიხედვით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო.