ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა გორელ ებრაელებს ხანუქა მიულოცა და დღესასწაულის მთავარი ატრიბუტის - მენორას პირველი სანთელიც აანთო.
,,ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ. მე ყოველთვის ამაყი ვარ, როდესაც ვლაპარაკობ ქართველი და ებრაელი ხალხების მეგობრობაზე. ეს არის კაცობრიობისთვის უმწიკვლო მეგობრობის ყველაზე ნათელი მაგალითი.
ჩვენ, ამ ქალაქში ვინც დავიბადეთ, ვერასოდეს ვამჩნევდით განსხვავებას ჩვენს შორის, ვიზრდებოდით ერთ გარემოში, ვიყავით ყველანი ერთნი და ყველას ერთად გვიყვარდა ყველაფერი, რაც შეიძლება ადამიანს უყვარდეს- ოჯახი, მშობლები, შვილები, სამშობლო... და ეს ურთიერთობები გრძელდება დღესაც. 
გილოცავთ დღევანდელ დღეს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ დღესასწაულის თქვენთან ერთად აღნიშვნა.“- განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა გორელ ებრაელებთან შეხვედრისას.
ხანუქის დღესასწაული ებრაელთა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია, რომელიც დეკემბრის პირველ ნახევარში აღინიშნება და 8 დღე გრძელდება. წლების განმავლობაში დღესასწაული საქართველოშიც საზეიმოდ აღინიშნება. ის ებრაელთა ნაციონალურ დღესასწაულად ჩამოყალიბდა, რომელიც სინათლის სიბნელეზე, სიკეთის ბოროტებაზე, სამართლიანობის უსამართლობაზე გამარჯვების სიმბოლოა.მისი მთავარი ატრიბუტია მენორა ანუ ცხრატოტა შანდალი.