დღეს ქალაქ გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე უფლებადამცველ ორგანიზაციებთან ერთად აღნიშნა.
ქალაქის მერი სტუდენტებთან ერთად გორის უნივერსიტეტში საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის მიერ მოწყობილ კინოჩვენებას დაესწრო. წარმოდგენილი იყო კეტი ჩევინის და როს კაუფმანის ფილმი ,,E-TEAM“ - „საგანგებო მისიების გუნდი“, რომელშიც ასახულია ორგანიზაციის საგანგებო მისიების მუშაობა მსოფლიოს ცხელ წერტილებში - სირიაში, ლიბიასა და კოსოვოში.
კინოჩვენების შემდეგ ზურაბ ჯირკველიშვილი საქართველოს სახალხო დამცველის ოფისისა და მისი ადგილობრივი წარმომადგენლობის მიერ თეატრის მიმდებარე სკვერში გამართულ აქციაზე მივიდა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.
,, ადამიანის უფლებები არის მთავარი ფასეულობა, რომლის დაცვა ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, ადამიანის უფლებები ირღვევა არა მარტო ომში, არამედ მშვიდობიანობის დროს, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა ამ მიმართულებით. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა კიდეც დღევანდელი ღონისძიებები, რომლებიც უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა გამართეს გორში და რომლებსაც დიდი სიამოვნებით შევუერთდი“- განაცხადა ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა.