ქალაქ გორის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის ინიციატივით, 15 საუკეთესო გორელი აბიტურიენტი წელს ერთჯერადად 1000 ლარით დასაჩუქრდება. აბიტურიენტების შერჩევა ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით მოხდება. ფინანსურ წახალისებას 1000 ლარის ოდენობით ყველაზე მაღალი ქულების მქონე 10 აბიტურიენტი მიიღებს. მათი დაფინანსება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის  ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის წახალისებისა და სკოლებში კლასგარეშე აქტივობების თანადაფინანსების პროგრამიდან“ განხორციელდება. როგორც მუნიციპალიტეტში მიაჩნიათ, აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მოსწავლე-ახალგაზრდებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას, მათ წახალისებას და განათლების ხელშეწყობას ადგილობრივ დონეზე. პროგრამა, მოსწავლეთა ფინანსური წახალისების გარდა, სკოლების კლასგარეშე აქტივობების ხელშეწყობასაც ითვალისწინებს. მერია დააფინანსებს სკოლების მიერ წარდგენილ საინტერესო პროექტებს, რომელთა განხორციელება  წინ წამოწევს აქტუალურ თემებს, აამაღლებს მოსწავლე - ახალგაზრდობის ცნობიერებასა და მოტივაციას, ასევე გაზრდის ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საჯარო სკოლებს შორის თანამშრომლობასა და კოორდინაციას. მოსწავლე-ახალგაზრდობის წახალისების მუნიციპალური პროგრამის  წლიური ბიუჯეტი 35 000 ლარია, საიდანაც 15 000 ლარი აბიტურიენტებს მოხმარდება.