პოლონელების ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად დღეს წმინდაწყლის დასახლებაში,  ტყვიავის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც აღნიშნული სკვერის გახსნა იგეგმება  იოზეფ პილსუდსკის,  პოლონეთის არმიაში მოღვაწე ქართველი სამხედროებისა და ემიგრანტების,  ასევე წმინდა გრიგოლ ფერაძის  ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,  პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანდჟეი ჩიეშკოვსკი,  ვარშავის უნივერსიტეტის დელეგაცია, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, წმინდა გრიგოლ ფერაძის ოჯახის წევრები. მარშალი იოზეფ პილსუდსკი  პოლონელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, პოლონეთის რესპუბლიკის პირველი მეთაური 1918-1922 წლებში და პოლონეთის არმიის დამაარსებელი იყო. პილსუდსკი მოძრაობა ,,პრომეთეიზმის“ ფარგლებში აქტიურად იბრძოდა  საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, მხარს უჭერდა ქართულ სახელმწიფოსა და მის დამოუკიდებლობას და მფარველობდა ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც მსახურობდნენ  პოლონურ ჯარში. მათ შორის იყვნენ გორელი სამხედროებიც, რომლებიც მოგვიანებით საბჭოთა რეჟიმმა დახვრიტა.