დღეს,ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს. 
27 ოქტომბერს ქართველი მწერლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. უკვე წლებია, ეს დღე მის სახელთან არის დაკავშირებული და ქართველი საზოგადოება იაკობობას ზეიმობს.
იაკობ გოგებაშვილი 1840 წლის 27 ოქტომბერს სოფელ ვარიანში ღარიბი მღვდლის ოჯახში დაიბადა. იგი სწავლობდა ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში. თბილისის სასულიერო სემინარიის შემდეგ სწავლა კიევის სასულიერო აკადემიაში გააგრძელა. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო. იაკობ გოგებაშვილი ჯერ თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო შემდეგ მის ინსპექტორად დაინიშნა. იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, მან მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა და დაუღალავად იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისთვის საქართველოში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოები: "ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის", "ბუნების კარი", "დედა ენა", რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში.