ნატოს კვირეულის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა  დავით ბაქრაძემ,  ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ და სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორმა ელენე გოცაძემ შიდა ქართლში საინფორმაციო ცენტრის მე-5 რეგიონული წარმომადგენლობა გახნეს. 
გორში, სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ახალი წარმომადგენლობის გახსნის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, ახალგაზრდების, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და ევროპული ღირებულებების საკითხებზე, საზოგადოების გააქტიურება და ადგილობრივი ინიციატივების ხელშეწყობა.  საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ოფისის ერთ-ერთი ამოცანა, ასევე, იქნება მოქალაქეების ინფორმირება მიმდინარე რეფორმების, ახალი პროექტებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც ევროპული ინტეგრაციის პროცესი გვთავაზობს. ღონისძიების ფარგლებში,  სახელმწიფო მინისტრმა დავით  ბაქრაძემ და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ღონისძიებას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, სტუდენტები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.