გორში ტრადიციული საშემოდგომო დღესასწაული ,,გორის დღეები“ მოეწყო.
ღონისძიება 12:00 საათზე წითელი ლენტის გაჭრით ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა და ატენისა და სამთავისის ეპისკოპოსმა მეუფე ანდრიამ გახსნეს და გორელებს დღესასწაული მიულოცეს.

,,გპირდებით, რომ მომავალ წელს გორის დღეები უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება და უფრო მეტ ადამიანს ექნება სურვილი ხალისით გამოვიდეს და შუერთდეს უკვე ტრადიციადქცეულ დღესასწაულს“ - ამ სიტყვებით მიმართა ზურაბ ჯირკველიშვილმა გორელებს, დღევანდელი დღე მიულოცა და უკეთესი მომავალი უსურვა.

ღონისძიებები თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმო კონცერტით გაგრძელდა, რომელიც გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის ფოლკლორულმა ანსამბლებმა ერთობლივი ,,მრავალჟამიერით“ დაიწყეს და ხალხური სიმღერებით გაგრძელდება. კონცერტს ესწრებოდნენ სტუმრები მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან, ეპარქიიდან, ყაზახეთის საელჩოდან.

პარალელურად თეატრის სკვერში გამოფენილი იყო ხელნაკეთი ნივთები, მხატვრული ტილოები, თიხის ნამუშევრები; მოწყობილი იყო ასევე სკოლებისა და უნივერსიტეტების კუთხეები, საბავშვო ატრაქციონები, მოძრაობდა საბავშვო მატარებელი; მიმდინარეობდა სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, ნარდში, ჭადრაკში, პარკურსა და street workout-ში. 
ბავშვთა გასართობი ცენტრმა ,,რიომ’’, რომელიც ზღაპრების გმირების მონაწილეობით წარმოადგინა საბავშვო პროგრამა. გაიმართა კონცერტი გორის ქორეოგრაფიული, ვოკალური ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.
19:00-ზე გორის დღეები დეფილეთი გაგრძელდება. ჯგუფ ,,კანუდოსის“ მუსიკალური კომპოზიციების ფონზე დიზაინერმა ზალიკო ბერგერმა მოდების ჩვენება გამართა.
 
ღონისძიება დღის ბოლოს დასრულდა კონცერტით , რომლის მონაწილეები იყვნენ გიორგი ნადიბაიძე, ლედი ლალიაშვილი, ემზარ იორამაშვილი, თინა ჭულუხაძე, თაკო ოქროპირიძე, ტერეზა ფუხაშვილი, მაკა სირბილაძე, ანრი ჯოხაძე, ქუჩის ბიჭები, შოთი ადამაშვილი, მედიატორი, სანდა, რთული კითხვაა, crossline, oldman, music Lake.