გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ პაპუნა კობერიძემ ახლადრეაბილიტირებული №5, №14, და №17 საბავშვო ბაღები გახსნეს, შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს და პერსონალსაც გაესაუბრნენ. ქალაქის მერმა განხორციელებული პროექტები დადებითად შეაფასა და განათლების განყოფილებას იქვე დაავალა დონორების მოძიება შენობების ექსტერიერების რეაბილიტაციისა და მოძველებული ინვენტარის შესაცვლელად.
,,წელს 9 ბაღი კაპიტალურად გავაკეთეთ, ზოგიერთ ბაღს თანაფინანსირებითაც შევეშველეთ. საერთო ჯამში, ბაღებმა ბევრი პრობლემა მოიგვარეს. ამაში ძალიან დიდი წვლილი თვითონ ბაღების მენეჯერებსაც აქვთ და დიდი მადლობა მათ ამ შრომისთვის. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელს ქალბატონ ნინო ბერიანიძეს, რომელიც დაუღალავად შრომობს იმისთვის, რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ჩვენს ქალაქს ჰქონდეს.“
ბაღების შენობების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდა. სამუშაოები შპს „ალონისმა“ შეასრულა. შეიცვალა სველი წერტილები, გარემონტდა სამეცადინო, საძინებელი და სათამაშო სივრცეები, მოეწყო ადაპტირებული კიბეები და პანდუსები. პერსონალის განცხადებით, ბაგა-ბაღების შენობებში მათი ექსპლუატაციაში შესვლიდან დღემდე ასეთი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა. 
სამივე ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 109 500 ლარი შეადგინა. თანხა, საქართველოს მთავრობის მიმდინარე წლის 18 მაისის №994 განკარგულების მიხედვით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. 
მიმდინარე წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული 9 საბავშვო ბაგა-ბაღიდან 6 უკვე გახსნილია (№1, №6 და №13, №5, №14, №17) და სააღმზრდელო პროცესი მიმდინარეობს. №10 და №16 ბაგა-ბაღებში რეაბილიტაცია ასევე დასრულებულია და მიმდინარეობს დასუფთავების სამუშოები, ხოლო №12 ბაგა-ბაღის შენობაში, რომელიც ხანძრის შედეგად დაიწვა და კაპიტალურად რემონტდება, სამუშაოები ნოემბრის შუა რიცხვებისთვის დასრულდება.
ბაღების რეაბილიტაციის შედეგად შეიქმნება 360 ახალი ადგილი და სკოლამდელი აღზრდა ხელმისაწვდომი გახდება უფრო მეტი აღსაზრდელისთვის, რომლებსაც აქამდე უადგილობის გამო ამის საშუალება არ ჰქონდა.