პროექტ ,,ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით“ ფარგლებში გორის მე-4 საჯარო სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებმა მშობლებისა და მასწავლებლების მონაწილეობით ღონისძიება გამართეს.
პროექტი გორის მერიის „მოსწავლე-ახალგაზრდობის წახალისებისა და კლასგარეშე აქტივობების თანადაფინანსების“ მუნიციპალური პროგრამით დაფინანსდა და სსსმ და შშმ მოსწავლეების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
პროექტის ფარგლებში მე-4 სკოლის ბაზაზე მოეწყო რესურს-ოთახი შესაბამისი ადაპტირებული ავეჯით, კომპიუტერული ტექნიკით, მეთოდოლოგიური და მხატვრული ლიტერატურით. იგეგმება აგრეთვე სსსმ და შშმ ბავშვებთან მომუშავე სპეცმასწავლებლების კონფერენციის ჩატარება შიდა ქართლის მასშტაბით.
,,ეს იყო ემოციებით, თანაგანცდითა და სითბოთი დატვირთული შეხვედრა. მადლობა სკოლის დირექტორს ქალბატონ მარინე აბუაშვილს, პროექტის ავტორს ქალბატონ ნინო ტატიაშვილსა და სპეცმასწავლებელებს, რომლებიც უკვე წლებია დაუღალავად შრომობენ ინკლუზიური განათლებისთვის. ახლა უკვე გორის მერიაც ჩაერთო ამ საქმეში, რასაც ინკლუზიური განათლების, ბავშვებისათვის კეთილგანწყობილი გარემოს შექმნისა და, რაც მთავარია, მოსწავლეებში ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრების ხელშეწყობა ჰქვია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა მერიის განათლების განყოფილების უფროსმა ქალბატონმა ნინო ბერიანიძემ. 
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის „მოსწავლე-ახალგაზრდობის წახალისებისა და კლასგარეშე აქტივობების თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამა მიმდინარე წლის იანვრიდან სასკოლო საგანმანათლებლო პროექტებისა და კლასგარეშე აქტივობების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა. პროგრამის წლიური ბიუჯეტი 50 000 ლარია. დღემდე პროგრამის ფარგლებში საგანმანათლებლო პროექტები გორის არაერთ სკოლას დაუფინანსდა.