გორში ოლიპმპიურ თემატიკაზე შექმნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. საყმაწვილო ენციკლოპედიური საკითხავი წიგნი „მოგზაურობა ოლიმპეთში"  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით გამოიცა. ღონისძიებას, რომელსაც გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა, ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და  ოლიმპიური კომიტეტის წარმოადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონები და საჯარო სკოლების მოსწავლეები.   „ოლიმპიურ თემატიკაზე ბევრი წიგნი გამოცემულა. ასეთი სრულყოფილი და ფართოდ ილუსტრირებული საყმაწვილო კრებული ქართულ ენაზე აქამდე არ გვქონია. ტექსტის ავტორი, მწერალი - ირაკლი ლომოური თხრობის საინტერესო და ორიგინალურ ხერხს გვთავაზობს. მკითხველი წიგნის გმირებთან ერთად იმოგზაურებს ძველ საბერძნეთში, გაეცნობა ოლიმპიურ მითებსა და ლეგენდებს, ოლიმპიური თამაშების ისტორიასა და დღევანდელობას.“ - აღნიშნეს ღონისძიების ორგანიზატორებმა. ღონისძიების დასასრულს ვიქტორინა გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ უპასუხეს ოლიმპიური თემატიკის შესახებ დასმულ კითხვებს. სწორი პასუხების ავტორებს საჩუქრად წიგნი „მოგზაურობა ოლიმპეთში" გადაეცათ. „ღონისძიება ძალიან ემოციური და  უზარმაზარი შინარსის მატარებელი იყო. ეს იყო ერთდროულად ჯანსაღი ცხოვრების წესის, წიგნისა და ქართული სპორტის პროპაგანდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის.“ - განაცხადა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა. წიგნი, რომელიც 5 ათასიანი ტირაჟით დაიბეჭდა, თბილისში და რეგიონებში ყველა საჯარო სკოლას,  სასწავლებელს და ბიბლიოთეკას გადაეცემა.