დღეს ჩეხეთის ელჩმა საქართველოში ტომაშ პერნიცკიმ ომის ვეტერანი და შრომის გმირი, საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი, გორში მცხოვრები ირაკლი ყანდარელი ქალაქის მერთან ზურაბ ჯირკველიშვილთან ერთად მოინახულა და ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მილოშ ზემანის წერილი გადასცა. 
წერილით ჩეხეთის პრეზიდენტი ირაკლი ყანდარელს მადლობას უხდის გაწეული ღვაწლისთვის და დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უსურვებს.
ჩეხეთის ელჩმა და ქალაქის მერმა ირაკლი ყანდარელს სამახსოვრო წიგნები გადასცეს და ვეტერანის მადლობის წიგნში ჩანაწერები გაუკეთეს. 
ირაკლი ყანდარელი 120 საბრძოლო მედლის მფლობელი, ღირსების ორი ორდენის კავალერი, საქართველოს, ჩეხეთის, უკრაინისა და სლოვაკეთის კულტურის დამსახურებული მუშაკი და საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრია. ყანდარელი მეორე მსოფლიო ომის დროს აფხაზეთის სასაზღვრო სოფლებში იბრძოდა, მონაწილეობდა სოფელ ფსხუს გათავისუფლებაში, ირიცხებოდა თბილისის პირველი სამხედრო-ქვეითი სასწავლებლის პირად შემადგენლობაში, რომლებმაც წარმატებით მოიგერიეს მტრის რაზმი და მთლიანად განდევნეს აფხაზეთიდან. ვეტერანმა გორში, საკუთარ ბინაში საბრძოლო დიდებისა და ხალხთა მეგობრობის მუზეუმი დააარსა.