დღეს გორში ახლადრეაბილიტირებული სამხატვრო სკოლა ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ჩეხეთის ელჩთან ტომაშ პერნიცკისთან ერთად სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენით გახსნა.
ცერემონიას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის კონსული დანა დენკოვა, სამხატვრო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები.
ტომაშ პერნიცკი საგანგებოდ სამხატვრო სკოლის მოსწავლის, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ხელოვნების კონკურს “ლიდიცე 2015"- ში გამარჯვებული ნანა ახალბედაშვილისთვის სამახსოვრო სიგელისა და საჩუქრების გადასაცემად ჩამოვიდა და სკოლის გახსნის საზეიმო ცერემონიასაც საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო. 
,,კონკურსი მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის მიერ განადგურებულ ჩეხურ სოფელ ლიდიციას ეძღვნება. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ კონკურსის გამარჯვებულის დაჯილდოება, რაც გამარჯვებულის მშობლიური სამხატვრო სკოლის გახსნას დაემთხვა”- განაცხადა ტომაშ პერნიცკიმ.
სამხატვრო სკოლის შენობის ინტერიერის რეაბილიტაცია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდა (75 დღე).
ერთი წლის მანძილზე სკოლა ფუნქციონირებას ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში განაგრძობდა, სადაც მოსწავლეებს არასტანდარტულ პირობებში უწევდათ მუშაობა. სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „ალონისმა“ აწარმოა. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 117 578 ლარი გამოიყო.
სამხატვრო სკოლა ამჟამინდელ შენობაში 1972 წლიდან ფუნქციონირებს და დღემდე კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია. 
ქალაქის მერის თქმით, გორის სამხატვრო სკოლის აღსაზრდელებს დიდი შემოქმედებითი პოტენციალი აქვთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის ფუნქციონირების ხელშეწყობა. ამ მიზნით განხორციელდა ინტერიერის რეაბილიტაცია, რომელიც გარკვეული სიძნელეების მიუხედავად წარმატებით დასრულდა და პატარა მხატვრებს ნორმალურ პირობებში მეცადინეობის საშუალება მიეცათ. 
,,სკოლაზე ზრუნვას ჩვენ კიდევ ვაგრძელებთ. ამჟამად შენობის ექსტერიერის სარეაბილიტაციო პროექტი გვაქვს წარდგენილი იაპონიის საელჩოს გრასრუტების პროგრამაში და ველოდებით გრანტის მიღებას. თუ პროექტი არ დაფინანსდა, საჭირო თანხებს სხვა წყაროებიდან მოვიძიებთ და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“ - განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა.