ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მიერ მომზადებული რეკომენდაციების განხილვა გაიმართა. 
რეკომენდაციები მოიცავდა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობის თემას. 
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. 
ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმების გაძლიერება თვითმმართველი ორგანოების როლის გაზრდისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით. 
პროექტის ფარგლებში მომზადდა რეკომენდაციები „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შესატანად, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტს. 
კანონპროექტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები შეძლებენ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებსა და პრევენციულ ზომებში მონაწილეობის მიღებას, ასევე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის დახმარებისა და რეაბილიტაციის შეთავაზებას. ადგილობრივ ორგანოებს კანონპროექტის მიხედვით, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ მიიღონ სამართლებრივი აქტები, რომლითაც ისინი განსაზღვრავენ სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა ზომებსა და პროგრამებს, რომელიც მიმართული იქნება ოჯახში ძალადობის მიზეზების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრაზე და უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალურ დაცვასა და რეაბილიტაციას.
შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები შეძლებენ ოჯახში ძალადობის პრევენციაში სხვადასხვა დონეზე ჩართვას, მსხვერპლთა დაცვასა და დახმარების გაწევას. ასევე, ცვლილების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, სხვადასხვა სამთავრობო ორგანოებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, უნდა მიიღონ პრევენციული ზომები და აღნიშნულ სფეროში განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები.
ქალაქის მერის ზურაბ ჯირკველიშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მერია ადექვატური იქნება ოჯახში ძალადობის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით და დადო პირობა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ძალადობის მსხვერპლთა დახმარება.