,,ჩვენთვის უცნობი გორი აღმოვაჩინეთ“ - ასეთი კომენტარი მოჰყვა ჟურნალისტების მხრიდან მედიატურს, რომელიც ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივი და ცენტრალური მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების  პრეზენტაციის მიზნით დღეს გამართა.
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით,  დასათვალიერებელი პროექტები თვითონ ჟურნალისტებმა განსაზღვრეს.
მე-12 ბაგა-ბაღის სარემონტო სამუშაოები, ახლადმოასფალტებული სასაფლაოს შიდა გზების, ღამბარაულის, ლეონიძის, გალუსტაშვილისა და აღმაშენებლის შშმ პირთათვის ადაპტირებული ქუჩები თავისი საფეხმავლო ბილიკებით ჟურნალისტებმა და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად დაათვალიერეს. 
მედიატურს თვითონ ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც დეტალურად საუბრობდა თითოეული პროექტის ეტაპების -  პრიორიტეტების განსაზღვრის, პროექტების დაგეგმარების, ტენდერების,  მშენებლობის, ასევე  ამ პროცესების დროს წარმოქმნილი პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.
ქალაქის მერმა განმარტა, რომ 2015 წლის ბიუჯეტით განხორციელდა ან მიმდინარეობს 5, 900, 000 ლარის ღირებულების პროექტები, მათ შორის,  2, 813, 000 ლარი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებია, 1, 500, 000 ლარი -გასული წელს დაწყებული გარდამავალი პროექტების ღირებულება, 158, 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეკონომიით მიღებული თანხებია, ხოლო 419 000 ლარი- საპრემიო ფონდის შემცირებით მიღებული თანხები, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების გასახორციელებლად მიიმართა.
მთლიანობაში მიმდინარე წელს განხორციელდა 25 ინფრასტრუქტურული პროექტი. 50 პროექტი განხორციელდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან და ორგანიზაციებთან თანადაფინანსების რეჟიმში.
   უკანასკნელი ინფრასტრუქტურული პროექტი ნოემბრის შუა რიცხვებისათვის დასრულდება.
ჟურნალისტების განცხადებით, მედიატური საინტერესო  და შედეგიანი იყო, რადგან მიიღეს სრული ინფორმაცია, მოინახულეს მერიის მიერ განხორციელებული ისეთი პროექტები, რომლებიც ძირითადად ქალაქის აქამდე უყურადღებოდ მიტოვებულ გარეუბნებში ხორციელდება და ამით, ფაქტიურად, კარგად ნაცნობი ქალაქი ახლიდან აღმოაჩინეს.
  
მედიატური ქალაქ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა  NDI-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევების საპასუხოდ გამართა და კვლევის შესახებ ჟურნალისტებთან  გააკეთა კომენტარი: ,, NDI-ს კვლევის შედეგებს სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან ფაქტები ჩვენი პროექტების შესახებ, რაც დღეს საკუთარი თვალითაც ნახეთ,  საპირისპიროს მეტყველებს.   დღევანდელი მედიატურის მიზანიც ესაა, რომ დავარწმუნოთ საზოგადოება,  რომ ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ მიუხედავად იმისა, რომელი ორგანიზაცია გააკეთებს კვლევას ისე, რომ მისთვის სასურველი შედეგი მიიღოს“ .
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის კვლევა საქართველოს მასშტაბით  მერების საქმიანობის შესახებ 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა. კვლევის შედეგების მიხედვით, გორის მერის საქმიანობას მოსახლეობის მხოლოდ 7 % აფასებს დადებითად, ხოლო უარყოფითად - 19%.  მოსახლეობის 32% მერის საქმიანობას საშუალო შეფასებას აძლევს, ხოლო 34%-მა არ იცის.