მერიის მხარდაჭერით გორში ტიხროვანი  მინანქრის ხელოვნების შემსწავლელი უფასო სკოლა გაიხსნა.
სკოლის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ და მინანქრის ოსტატს ერმილე მაღრაძესა და მის შეგირდებს წარმატებები უსურვეს.
სკოლის გახსნის შემდეგ მედიის წარმომადგენლებისთვის მედიატური მოეწყო, რომლის დროსაც ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ გასცნობოდნენ და კამერაზე აღებეჭდათ სახელოსნო, სადაც სკოლისთვის შერჩეული 7 მოსწავლე ტიხროვანი მინანქრის ხელოვნებას დაეუფლება. მედიატურს მასპინძლობდა  თვითონ ცნობილი გორელი მხატვარი, ტიხროვანი მინანქრის დიდოსტატი  და ახლადგახსნილი სკოლის მასწავლებელი ერმილე მაღრაძე.
ტიხროვანი მინანქრის სკოლა გორის სამხატვრო სკოლასთან არსებული პროექტია, რომელიც მერიის ინიციატივით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ოსტატი ერმილე მაღრაძე საკუთარ სახელოსნოში შეასწავლის ტიხრული მინანქრის დამუშავებას  შუასაუკუნეების საქართველოში არსებული ტექნოლოგიით. სკოლა/სახელოსნო 3 წლის მანძილზე 6-7 კაციან ორ ჯგუფს გამოუშვებს. სწავლის ხანგრძლივობა 2 წელია.
პროექტის მიზანია ტრადიციულ საფუძველზე მომზადდეს მსურველთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც წარმატებით გააგრძელებს  არსებულ ტრადიციას და შემდეგ სხვას გადასცემს მიღებულ ცოდნას. ამით გაგრძელდება და არ დაიკარგება ქართული ტიხროვანი მინანქრის სახელოვანი ტრადიციები.
ტიხროვანი მინანქრის ხელოვნება  ისტორიული წყაროების მიხედვით, ოქროს დამუშავების  სახეობაა, რომელიც  დასაბამს II საუკუნიდან იღებს. იგი გავრცელებული იყო საქართველოსა და ბიზანტიაში. მოგვიანებით, XI საუკუნეში კი კიევის რუსეთში ვრცელდება, მაგრამ XV საუკუნის შემდეგ ტიხროვანი მინანქრის დამზადების ტექნოლოგია იკარგება და ამ ტექნიკით შესრულებული ნივთები აღარ გვხვდება.
ჩვენამდე მოღწეული ტიხროვანი მინანქრის ნიმუშები ერმილე მაღრაძემ შეისწავლა. ოცდაათწლიანი კვლევა-ძიების შედეგად მან აღადგინა ისტორიული, მივიწყებული ტექნოლოგია და დღეს ამ სფეროს ერთ-ერთ დიდოსტატად ითვლება.