დღეს გორის 1-ელ და მე-9 საჯარო სკოლებში სასკოლო მზაობის ცენტრებმა დაიწყო ფუნქციონირება.
ცენტრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზურაბ ჯირკველიშვილმა და ნინო ზურაბიშვილმა  გორის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსთან და სკოლების დირექტორებთან ერთად გახსნეს.
სასკოლო მზაობის  ცენტრები  ალტერნატიული სკოლამდელი განათლების მოდელის მიხედვით შეიქმნა, რომლითაც ისარგებლებენ ის აღსაზრდელები, რომლებიც არასრული სასკოლო ასაკის გამო  2016 წელს მიდიან სკოლაში. ცენტრებში მეცადინეობა, ბავშვების ფიზიოლოგიური მოთხოვნილებიდან გამომდინარე, 4 საათს გაგრძელდება და ბავშვებთან ინდივიდუალური მიდგომის პრინციპით იმუშავებს. გათვალისწინებულია, ასევე, მშობელთა აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში. 
 
მერიის განათლების განყოფილების უფროსის ნინო ბერიანიძის ინფორმაციით, სასკოლო მზაობის პროგრამა ისეა შედგენილი, რომ ხელი შეუწყოს ბავშვებში მოტორული, სოციალური, მეტყველებითი, ემოციურ-შემეცნებითი უნარ-ჩვევებისა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების გამომუშავებას,  ბავშვის ადაპტაციას სასკოლო გარემოსთან და მის ტრანზაციას ბაღიდან სკოლაში. ცენტრის საბოლოო მიზანი არის სასკოლო ასაკის ბავშვების მაღალი  მზაობა სკოლაში მისასვლელად.
სასკოლო მზაობის პროექტს  პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს   დაფინანსებით ახორციელებს  საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კივიტას ჯორჯია,“ რომელმაც შეიძინა ცენტრებისთვის საჭირო ინვენტარი და მაღაკვალიფიციური ტრენერების  დახმარებით გადაამზადა საკადრო რესურსი.
პროექტი გაგრძელდება მიმდინარე  წლის დეკემბრამდე, რის შემდეგაც ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია იღებს ვალდებულებას, არა მარტო გააგრძელოს ცენტრების მუშაობა 1-ელ და მე-9 საჯარო სკოლებში, არამედ გახსნას კიდევ რამდენიმე ახალი სასკოლო ცენტრი ქალაქის სხვა სკოლებშიც.
სასკოლო მზაობის ცენტრები საქართველოს განათლების სამინისტროს ხელშეწყობით წელს თბილისის საჯარო სკოლებში  იხსნება. საქართველოს რეგიონებში კი თითო-თითო სასკოლო მზაობის ცენტრების გახსნას უზრუნველყოფს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კივიტას ჯორჯია“, რომელმაც ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის  მერიის ინიციატივით ქალაქ გორში  2 ცენტრი გახსნა.