ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის  თანამშრომლებს  საჯარო რეესტრის საქმისწარმოების პროგრამული უზრუნველყოფის „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის“ შესასწავლად ტრენინგები უტარდებათ. ტრენინგი მიმდინარეობს  პროექტ ,,ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში, რომელსაც სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“   ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების განვითარებას, თვითმმართველ ერთეულებში მმართველობის გაუმჯობესების, ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებისა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების გზით. საპილოტე მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მმართველობის დანერგვა უზრუნველყოფს ეფექტურ კავშირს თვითმმართველობის ტერიტორიულ სამსახურებსა და გამგეობას შორის. ახალი სისტემა საშუალებას იძლევა გამოყენებული იქნას ცენტრალური ხელისუფლების მონაცემთა ბაზებში დაცული ინფორმაცია, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რის შედეგადაც გაიზრდება გაწეული მომსახურების ხარისხი.  ელექტრონული მმართველობის დანერგვის საშუალებით გაუმჯობესდება კონტროლი გაწეულ მომსახურებაზე, შემცირდება მომსახურების მიღების ვადები და მინიმუმამდე იქნება დაყვანილი საოპერაციო და ადამიანური ხარვეზები. აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს თვითმმართველობების პროცესების სტანდარტიზაციას და საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევას.   პროგრამის შედეგად საპილოტე მუნიციპალიტეტებში  გადაწყვეტილების მიღების პროცესი ხდება გამჭვირვალე, რაც წარმოადგენს ეფექტიანი სისტემის მნიშვნელოვან მახასიათებელს. პროექტის პარტნიორი და მონაწილე მხარეები არიან საპილოტე მუნიციპალიტეტები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მონაცემთა გაცვლის სააგენტო, სმართ ლოჯიქი, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, სოციალური მომსახურების სააგენტო, ლიბერთი ბანკი, კომპანია იუ-ჯი-თი. ტრენინგი 5 ოქტომბერს დაიწყო და 10 ოქტომბერს ტესტირებით დასრულდება.