ჩვენ ვქმნით ჩვენი ქალაქის ,,კონსტიტუციას“  - ასე შეაფასა ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა პროცესი, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით დაიწყო და  ქალაქის მიწათსარგებლობის გეგმის შემუშავებით უნდა დასრულდეს.
თანამშრომლობის მემორანდუმი  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და  იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს  შორის დღეს   გაფორმდა, რომელსაც სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და ქალაქ  მერმა მოაწერეს ხელი. 
  
თანამშრომლობის მიზანი ქალაქ გორში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) პროექტის განხორციელების ხელშეწყობაა. ქალაქი გორი საქართველოში პირველი ქალაქია, სადაც ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) პროექტი პილოტურად ხორციელდება.
პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტში ევროპულის სტანდარტების შესაბამისი გეოგრაფიული მონაცემების წარმოება, გამოყენება და გაზიარება.  პროექტის შედეგად მიღებული ინფორმაცია საკადასტრო, ადმინისტრაციულ, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო, სამისამართო, დემოგრაფიულ და სხვა მონაცემებს გააერთიანებს, რაც სამომავლოდ მუნიციპალიტეტის ეფექტურ საქმიანობას შეუწყობს ხელს.
  
მემორანდუმის  თანახმად,  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იღებს ვალდებულებას,   გორის მერიას აღმოუჩინოს ინტელექტუალური და ტექნიკური მხარდაჭერა სივრცითი მონაცემების ელექტრონული ბაზის შემუშავებაში.   კერძოდ,  სააგენტოს დახმარებით გაძლიერდება მერიის შესაბამისი სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, საკადრო რესურსის კვალიფიკაციის  დონე, მუნიციპალიტეტის პროგრამული და ინსტრუმენტული საშუალებები.
საპილოტე პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის დაზუსტება და დემარკაცია, საკადასტრო მონაცემების დაზუსტება, სატრანსპორტო ქსელის, ქუჩების სახელწოდებებისა და საგზაო ნიშნების ციფრულ ფორმატში გადატანა.
 ,,ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ყველა ქალაქს უნდა  გააჩნდეს, არის ქალაქის მიწათსარგებლობის განვითარების გეგმა. ამ გეგმის შედგენა კი საბაზისო სივრცითი ელექტრონული  ინფორმაციის გარეშე  შეუძლებელია.  სწორედ ამ მონაცემების შექმნაში გვიწევს დახმარებას   საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.  გორი არჩეულია საპილოტე ქალაქად, რაც   ჩემთვის ძალიან საამაყოა. სააგენტოს დახმარებით მოძიებულ  ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩვენ შევქმნით მიწათსარგებლობის გეგმას, რომელიც იქნება ჩვენი ქალაქის ,,კონსტიტუცია“ - განაცხადა  გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა მემორანდუმის მნიშვნელობის  შეფასებისას.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველო კავკასიის რეგიონის პირველი ქვეყანაა, რომელმაც ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნაზე დაიწყო მუშაობა, რაც ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.