„დიდი იმედი მაქვს მომავალ წელს გორს იმდენი წარმატებული აბიტურიენტი ეყოლება, რომ მათ ეს სცენა ვერ დაიტევს. გილოცავთ თითოეულ თქვენგანს ამ წარმატებას. ვულოვაც ასევე თქვენს მასწავლებლებს, მშობლებსა და ყველა გულშემატკივარს.“ - ასე დაიწყო მისალოცი სიტყვა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერმა 100%-იანი გრანტის მქონე გორელი აბიტურიენტების დაჯილდოების ცერემონიაზე. ზურაბ ჯირკველიშვილის ინიციატივით, 43 წარმატებულ აბიტურიენტს ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან წახალისების მიზნით, ერთჯერადად ფულადი ჯილდო გადაეცა. ღონისძიებას, რომელსაც ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრმა უმასპინძლა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ. „წლის დასაწყისში დაიგეგმა, რომ 15 საუკეთესო ქულების მქონე აბიტურიენტს გადავცემდით 1000-1000 ლარს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად 100%-იანი სახელმწიფო დაფინანდება 43 გორელმა აბიტურიენმა მოიპოვა. ჩვენ გვინდოდა თითოული მათგანისთვის მიგველოცა ეს წარმატება. გამოვყავით სამი კატეგორია, რომლებშიც აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე მიღებული საგრანტო ქულათა რაოდენობის მიხედვით გადანაწილდნენ. ყველაზე მაღალი ქულების მქონე პირველმა თხუთმეტმა აბიტურიენტმა მიიღო 1000, შემდეგმა თხუთმეტმა - 500, ხოლო დანარჩენმა 13 აბიტურიენტმა - 300 ლარიანი ფულადი ჯილდო. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი განათლებაა და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით წარმატებული ახალგაზრდების გვერდით.“ - აღნიშნა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერმა. „დღეს იმდენად ბედნიერები ვიყავით, რომ ყველგან სასწავლებელში, მეგობრებთან, ახლობლებთან აღნიშნული ღონისძიების შესახებ ვსაუბრობდით. ყველას ძალიან უკვირდა, ამბობდნენ რომ მსგავსი პრეცედენტი საქართველოში არ ყოფილა, დღემდე არც ერთ მუნიციპალიტეტს წარმატებული აბიტურიენტებისთვის მსგავსი საჩუქარი არ გადაუცია. დიდი მადლობა ამ საჩუქრისთვის ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ზურაბ ჯირკველიშვილს.“ - აცხადებდნენ სტუდენტები. აბიტურიენტების დასაფინანსებლად 26 400 ლარი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის წახალისებისა და სკოლებში კლასგარეშე აქტივობების თანადაფინანსების პროგრამიდან“ განხორციელდა. როგორც მუნიციპალიტეტში მიაჩნიათ, აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლე-ახალგაზრდებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას, მათ წახალისებას და განათლების ხელშეწყობას ადგილობრივ დონეზე. პროგრამა, მოსწავლეთა ფინანსური წახალისების გარდა, სკოლების კლასგარეშე აქტივობების ხელშეწყობასაც ითვალისწინებს.