დღეს ერთ-ერთ უდიდეს   გარემოსდაცვით მსოფლიო კამპანიას ,,დავასუფთაოთ მსოფლიოს“  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაც  შეურთდა. 
მერიის თანამშრომლებმა მოხალისეებთან და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად  ,,ლომჭაბუკის“ ძეგლის მიმდებარე სკვერი დაასუფთავეს.
კამპანია  ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (CLEAN  UP  THE WORLD) გაეროს ეგიდით 1992 წელს დაფუძნდა  და  მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული გარემოს დასუფთავებას ისახავს მიზნად.
  
კამპანია ყოველი წლის სექტემბრის  თვეში ტარდება და მასში მონაწილეობას 135-მდე ქვეყანა იღებს. წელს  მსოფლიო კამპანიის დევიზია: ,,ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობაა“.
2015  წელს,   ,,დავასუფთაოთ მსოფლიოს“ პარალელურად, საქართველოში მეექვსედ ტარდება ,,დავასუფთაოთ საქართველო’’, კამპანია, რომელიც მოიცავს საქართველოს ყველა თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტს.
საქართველოს ფარგლებში კამპანიას  ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“.  პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით და გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.  
გორის დასუფთავების აქცია გაიმართა მერიისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით. 
ორგანიზატორები აქციაში მონაწილეობისთვის მადლობას უხდიან გორის ახალგაზრდულ მოძრაობა ,,დროას" და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისს.