ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ტემპუსის პროექტის  საერთაშორისო კონფერენციის გახსნას დაესწრო, მონაწილეებს სიტყვით მიმართა,   პროექტის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
,,ტემპუსის" პროექტის   შედეგები კონფერენციაზე დადებითად შეფასდა. როგორც ითქვა,    პროექტის ფარგლებში შეიქმნა ახალი დისციპლინა ,,გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია“,  უნივერსიტეტმა შეიძინა დიდი რაოდენობით ტექნიკა, დაუმეგობრდა რამდენიმე უნივერსიტეტს,  შემუშავდა გაცვლითი პროგრამები როგორც  პროფესორ-მასწავლებლებისათვის, ასევე სტუდენტებისთვის.
,,მერიასა და  უნივერსიტეტს მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს ერთმანეთთან, ამიტომ მოხარული ვარ, რომ  პროექტის ორგანიზატორებმა ფინალური კონფერენციის მასპინძლად სწორედ გორის უნივერსიტეტი შეარჩიეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე  აქტიური და წარმატებული მონაწილე უნივერსიტეტებს შორის. იმედი მაქვს, რომ პროექტის ფარგლებში დამყარებული კონტაქტები  სასწავლებელსაც დაეხმარება სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში და ჩვენც  მოგვეცემა საშუალება  დავამყაროთ მეგობრული კავშირები საუნივერსიტეტო ქალაქებთან, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის.“ - განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა კონფერენციის მნიშვნელობის შეფასებისას.
გორის უნივერსიტეტში  კონფერენცია ,,ტემპუსის" პროექტის  ჩარჩოებში ( La MANCHE: Leading and Managing Change in Higher Education (უმაღლეს განათლებაში შეტანილი ცვლილებების მართვა) Tempus IV 530621-TEMPUS-1-2012-1-BG-TEMPUS-JPGR) მიმდინარეობს და ის 18 სექტემბერს დასრულდება.
  
კონფერენციაში მონაწილეობს 29 უნივერსიტეტი ბულგარეთის, სომხეთის, ბელორუსიის, საქართველოს, მოლდავეთის, უკრაინის, საბერძნეთის,  საფრანგეთისა და პორტუგალიის ქვეყნებიდან.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.