ქალაქ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ახლადრეაბილიტირებული მე -13 ბაგა-ბაღის შენობა დაათვალიერა. 
ბაგა-ბაღში შენობის ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ბაღის რეაბილიტაციისათვის საჭირო 35 454 ლარი, საქართველოს მთავრობის მიმდინარე წლის 18 მაისის #994 განკარგულების მიხედვით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო, ხოლო სამუშაოები შპს „ალონისმა“ განახორციელა.
მე-13 ბაღის გარდა, ინტენსიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები გორის შვიდ საბავშვო ბაგა-ბაღში. მათ შორის ერთს, მე-12 ბაგა-ბაღს, რომელიც 2012 წელს ხანძრის შედეგად დაიწვა და დღემდე სავალალო მდგომარეობაში იყო, სრული რეაბილიტაცია უტარდება, დანარჩენი ბაღები კი ნაწილობრივ რემონტდება. 
აღსანიშნავია, რომ ამ შენობების უმრავლესობას ექსპლოატაციაში შესვლიდან დღემდე ასეთი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაღებში, გარდა მე-12 ბაღისა, სექტემბრის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც 360 ახალი ადგილი შეიქმნება და სკოლამდელი აღზრდა ხელმისაწვდომი გახდება უფრო მეტი აღსაზრდელისთვის, რომლებსაც აქამდე უადგილობის გამო ამის საშუალება არ ჰქონდა.
,,წელს მთელი ყურადღება გადატანილი გვაქვს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე, რადგან მიმაჩნია, რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ჩვენი ქვეყნისთვის. ბაღები ჩვენთვის მომავალ წელსაც პრიორიტეტული იქნება. ვგეგმავთ, მოვაწესრიგოთ ბაღების გარე ფასადები და ეზოები, რომ ჩვენს ბავშვებს უფრო კეთილმოწყობილი და ჯანსაღი გარემო შევუქმნათ.“ - განაცხადა ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა.