დღეს გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა №6 საბავშვო ბაგა-ბაღის ახლადრეაბილიტირებული შენობა გახსნა.
,,
განათლება ჩვენი პრიორიტეტია. ამას ადასტურებს ჩვენ მიერ დაგეგმილი ბიუჯეტიც, სადაც სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების რეაბილიტაციისთვის სოლიდური თანხა გამოვყავით. განხორციელებული სამუშაოები საშუალებას გვაძლევს შევქმნათ დამატებითი ადგილები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბაღები ხელმისაწვდომი გავხადოთ უფრო მეტი აღსაზრდელისთვის.“ - განახცადა ზურაბ ჯირკველიშვილმა პროექტის მნიშვნელობის შეფასებისას.
ბაგა-ბაღის სარემონტო სამუშაოები, რაც შპს ,,ალონისმა“ განახორციელა, 2 თვის მანძილზე მიმდინარეობდა. პროექტის ღირებულებამ 82 192 ლარი შეადგინა. თანხა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის #994 განკარგულების მიხედვით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. 
ბაგა-ბაღის დირექტორის თინათინ წერეთლის განცხადებით, აღნიშნულ შენობას ექსპლუატაციაში შესვლიდან დღემდე ასეთი მასშტაბური სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია.
ანალოგიური მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს გორის №1, №5, №10, №13, №14, №16, №17 საბავშვო ბაგა-ბაღებშიც. მათგან №12 ბაგა-ბაღის შენობა 2012 წლის 17 დეკემბერს ძლიერი ხანძრის შედეგად დაიწვა და დღემდე ნაქირავებ ფართში ფუნქციონირებს.
ბაგა-ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება მთლიანად 833, 397 ლარს შეადგენს.