დღეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი სამოქალაქო საზოგადოების წინაშე ანგარიშით წარსდგა.
პრეზენტაცია  კომბინატის კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში გაიმართა.
ანგარიშის მოსასმენად მოწვეულნი  იყვნენ გორში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები,  მედიასაშუალებები, აქტიური მოქალაქეები. შეხვედრას ესწრებოდნენ, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საკრებულოდან და შიდა ქართლის გუბერნატორის აპარატიდან.
ანგარიში მოიცავდა  ინფორმაციას მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ 2014 წლის აგვისტოდან  დღემდე  გაწეული მუშაობის შესახებ.
მერიის საჯარო მოხელეების კონკურსის წესით შერჩევა, შემოსულ განცხადებებზე ოპერატიული რეაგირება, თვითმმართველობის ორგანოს ღიაობა და გახსნილობა როგორც ინფორმაციის გაცემის, ისე   თანამშრომლობის კუთხით, სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი და ახალი მუნიციპალური პროგრამები, სოციალური პროგრამის ფარგლებში გაზრდილი დაფინანსება, ბენეფიციართა რაოდენობა და მათი კატეგორიების გაფართოებული სპექტრი, საბავშვო ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია და გაზრდილი ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლოდ შემუშავებული მსხვილი პროექტები მერიის მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული მუშაობისას მიღებული შედეგების  არასრული ჩამონათვალია.
,,სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი და მაქსიმალური საჯაროობა - ასეთია მიდგომები, რითაც ჩვენ ვმუშაობთ.“ - განაცხადა ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა  და შეკრებილ საზოგადოებას  ექსპრომტად შესთავაზა დამატებითი შეხვედრების მოწყობა კითხვა-პასუხის რეჟიმში ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად.