ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.დაგეგმილი აქტივობები ფონდი „მოლოდინისა“ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით მოეწყო.„ცხრა ძმა ხელხეულიძის“ მემორიალიდან ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით, წერეთლის ქუჩის გავლით სიმბოლური მსვლელობა მოეწყო, რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ახლობლებიც იღებდნენ მონაწილეობას.

დღის მეორე ნახევარში მსვლელობის მონაწილეები სვეტიცხოვლში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოსახსენიებელ პარაკლისს დაესწრნენ. მათი ტრანსპორტირება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.ზურაბ ჯირკველიშვილმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს თანადგომა გამოუცხადა. მან ასევე მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ამ ადამინების მხარდაჭერისთვის.30 აგვისტო, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე, მსოფლიოში 1983 წლიდან, ხოლო საქართველოში 2011 წლიდან აღინიშნება. ამ დღის მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა პატივისცემა, მათი ოჯახების მხარდაჭერა, ფართო საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება იმ შედეგების შესახებ, რაც ოჯახისთვის ადამიანის გაუჩინარებას მოაქვს.მსგავსი ღონისძიებები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს საშუალებას აძლევს შეხვდნენ იგივე პრობლემების მქონე ადამიანებს, კიდევ ერთხელ გაიხსენონ საყვარელი ადამიანები და ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი განცდები.საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2000-ზე მეტი პირი ითვლება დაკარგულად. მათი ოჯახები ახლობელი ადამიანის უცნობი ბედ-იღბლის გამო გაურკვეველ ვითარებაში იმყოფებიან მრავალი წლის მანძილზე.