ბოლო დღეებში ადგილობრივი მედია და ინტერნეტსაშუალებების მიერ გაშუქებულ ქუჩების რეაბილიტაციის თემას ქალაქის მერის მრჩეველი შალვა ტლაშაძე გამოეხმაურა. მან ჟურნალისტებს ქუჩების სარეაბილიტაციო პროექტები წარუდგინა და საქმის ვითარება დეტალურად გააცნო.მერის მრჩეველმა აღნიშნა, რომ შევჩენკოს ქუჩაზე რეაბილიტაცია ხორციელდება კერძო საკუთრების საზღვრებამდე. კერძო საკუთრება, რომელიც მდებარეობს ქუჩის სავალ ნაწილზე და მას ჩიხად აქცევს, დარეგისტრირებულია გასული საუკუნის 80-იან წლებში. მერიის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება აღნიშნულ ტერიტორიაზე კერძო მესაკუთრის უფლებების ხელყოფას ნიშნავს, რაც კატეგორიულად მიუღებელია ადგილობრივი ხელისუფლებისათვის.

ადგილობრივი მოსახლეობა ქუჩის კერძო საკუთრებით გადაკეტვის წინააღმდეგია და სამანქანო გზას ითხოვს. ასეთ სიტუაციაში, ადგილობრივ ხელისუფლებას მხოლოდ მოლაპარაკებების გზა რჩება. მერიის შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ, რომ საკითხი გადაწყდეს მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით და სადაო ტერიტორიაზე გამავალი ქუჩის ნაწილი შენარჩუნდეს.პრესკონფერენციაზე შალვა ტლაშაძემ განმარტა მერიის მიდგომები სარეაბილიტაციო ქუჩების არჩევასთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრები შეზღუდულია, რის გამოც ყველა ქუჩა ერთად ვერ გაკეთდება. მერია ცდილობს პირველ რიგში მოაპირკეთოს ისეთი ქუჩები, რომელთა რეაბილიტაციას შედარებით ნაკლები თანხა სჭირდება და მეტი ოჯახი სარგებლობს.კვერნაქის დასახლებაში ამჟამად 4 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ლეონიძის, შევჩენკოს, თამარ მეფისა და ღამბარაულის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები 470 ათასი ლარის ღირებულებისაა. აღნიშნულ ქუჩებზე 85 ოჯახი ცხოვრობს.„გარდა ამისა მოსახლეობას მინდა ვაცნობო, რომ თელავის ქუჩის დაზიანებული მონაკვეთის, გელოვანისა და ნონეშვილისა ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას მერია პირველი შესაძლებლობისთანავე გეგმავს.“ - აღნიშნა პრესკონფერენციის ბოლოს შალვა ტლაშაძემ.