შეჯიბრს გორის საჩოგბურთო კორტებმა უმასპინძლა. ტურნირი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სასპორტო სკოლის, ა(ა)იპ სპორტული ცენტრისა და საქართველკოს ვეტერან ფეხბურთელთა ფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით მოეწყო. თამაშები წყვილთა და ერთეულთა თანრიგში მიმდინარეობდა. ღონისძიებაში 10 გორელი და 10 თბილისელი მოყვარული იღებდა მონაწილეობას. მათ შორის ორი ქალბატონი იყო. ერთეულებში პირველი საპრიზო ადგილი გიორგი გიუნაშვილმა არავის დაუთმო. რაც შეეხება წყვილებს, გორელმა  მოყვარულებმა გიორგი გიუნაშვილმა და გიგა პაპუაშვილმა თბილისელ წყვილს  სძლიეს და პირველი საპრიზო ადგილი დაიკავეს. გამარჯვებულებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. „ტურნირი, რომელიც უკვე მეორე წელია ტარდება, გვინდა ტრადიციად იქცეს და ყოველწლიურად გაიმართოს. შეჯიბრის მიზანი აღნიშნული სპორტის სახეობის პოპულარიზაციაა“ - აღნიშნეს ტურნირის ორგანიზატორებმა.