სახურავების გადახურვა, ეზოს მოასფალტება, სასმელი წყლის, საკანალიზაციო სისტემების, ლიფტებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია, საწვიმარი მილებისა და კარ-ფანჯრების გამოცვლა -  ეს იმ სამუშაოების არასრული ჩამონათვალია, რაც ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ამხანაგობების წევრები თვითმმართველოს წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნავდნენ, რომ მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების პროგრამის გარეშე ისინი ვერ შეძლებდნენ მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამისთვის 250 000 ლარი იყო გამოყოფილი. ამ ეტპაზე პროგრამისთვის გათვალისწინებული თანხა გახარჯულია და მიმდინარეობს დამატებითი რესურსის მოძიება. მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამით 22 ამხანაგობის პროექტი დაფინანსდა. მათმა საერთო ღირებულებამ შეადგინა 282 531, 47 ლარი, საიდანაც მერიის მიერ 249 738,07  ლარი დაფინანსდა. 2015 წელს თანადაფინანსების 80%-იანი წილი 90%-მდე გაიზარდა. დამატებით კი  ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების ფინანსური წილის ფინანსდება 100%-ით. გარდა ამისა ოჯახები, რომლებსაც არ აქვთ პროექტის ფინანსური მხარდაჭერის საშუალება, შრომით საქმიანობაში იღებენ მონაწილეობას. ,,თანადაფინანსების პროგრამა საუკეთესო ბერკეტია ამ ეტაპზე, რითაც პრივატიზებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების კანონიერად დახმარება შეგვიძლია. ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოქალაქეების თანამშრომლობის კარგი ფორმა - მოქალაქეთა აქტიური ჩართულობითა და მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით განხორციელდეს პატარ-პატარა პროექტები მათივე საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად. ამასთანავე, თანამონაწილეობა ამაღლებს მოსახლეობის პასუხისმგებლობასაც, რომ უფრო მეტად მოუფრთხილდნენ საერთო საკუთრებას.“ - აცხაადებენ მუნიციპალიტეტში.