გორში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი გახსნა. 
გახსნის საზეიმო ცერემონიალს განათლების სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად გორის საჯარო სკოლების დირექტორები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
ცენტრის დანიშნულებაა, უფასო ფსიქო-სოციალური მომსახურება გაუწიოს 6-დან 18 წლამდე ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებს, მოზარდებსა და მათი ოჯახების წევრებს. 
ცენტრში დასაქმებულნი არიან კონკურსის შედეგად შერჩეული მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ბავშვთა ფსიქიატრები, რომლებიც ფსიქოკორექციის, ფსიქოთერაპიის, სოციალური ფაქტორების დადგენისა და მოგვარების მიმართულებით იმუშავებენ. საჭიროების შემთხვევაში ცენტრის მულტიდისციპლინარული ჯგუფთან ერთად ჩაერთვებიან მასწავლებლები და სკოლების ადმინისტრაციები.
ანალოგიური ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები უკვე ფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში. უახლოეს მომავალში კი ცენტრები რუსთავსა და ზუგდიდშიც გაიხსნება.