გორის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები მერიის მიერ დაფინანსებული ,,შინმოვლისა“ და ,,მობილური ზრუნვის“ პროექტების ბენეფიციარების მოინახულებას აგრძელებენ და პარარელურად პროექტების მიმდინარეობას ეცნობიან.
მონიტორინგის დროს გამოიკვეთა, რომ აღნიშნული პროექტები ეფექტურად  ხორციელდება. ბენეფიციართა განცხადებით, შინმოვლის მედდები თავისზე დაკისრებულ მოვალეობას ზედმიწევნით კარგად ასრულებენ და სპეციალური მოვლის საჭიროების მქონე პირებს მნიშვნელოვან სამედიცინო თუ საყოფაცხოვრებო მომსახურებას უწევენ. გარდა ამისა, აღნიშნული პროექტების ბენეფიციარები სარგებლობენ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამითაც. კერძოდ, როგორც მარტოხელა პენსიონერები წლის მანძილზე ერთჯერადად იღებენ ფულად დახმარებას და უფინანსდებათ სამედიცინო კვლევებისა და მედიკამენტების ღირებულების ნაწილი.

,,შინმოვლისა“ და ,,მობილური ზრუნვის“ პროექტები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამიდან ფინანსდება.
,,მობილური ზრუნვის“ პროექტს  საქართველოს სამარიტელთა კავშირი ახორციელებს. პროექტის  ბენეფიციარი   70 მარტოხელა პენსიონერი და ვეტერანია.
 მობილური ზრუნვის ფარგლებში  ბენეფიციარები სარგებლობენ ოჯახში მომსახურებით, რაც ითვალისწინებს სხეულის მოვლას, სამედიცინო მომსახურებას, სახლის სამეურნეო საქმეებში დახმარებას და სოციალურ კონსულტაციას. პროექტის საერთო ღირებულებაა 52 800 ლარი. პროექტში გორის მერიის თანამონაწილეობა  3400 ლარია, რაც ორგანიზაციის  კომუნალური ხარჯებისთვისაა განკუთვნილი.
,,შინმოვლის“ სამსახური საქართველოს საქველმოქმედო ფონდ ,,კარიტასის“ კავშირის პროექტია, რომელიც მოხუცებულ და უნარშეზღუდულ, საწოლს და სახლს მიჯაჭვულ  პირებს ემსახურება. პროექტით 60 ბენეფიციარი სარგებლობს. პროექტის მიზანია სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი და შშმ პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, შინმოვლის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი ხარისხის ამაღლება. პროექტის ღირებულება 116 000 ლარია, საიდანაც გორის მერია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე  21 000 ლარს  აფინანსებს.