შალვა ტლაშაძე ოპოზიციურ პარტიებს ინფორმაციის გავრცელებამდე თემის დეტალურად შესწავლას სთხოვს.ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია 8 ივლისს ტელეკომპანია „დიას“ ეთერში სამხატვრო სკოლის რეაბილიტაციის შესახებ გასულ სიუჟეტს ეხმაურება.სიუჟეტში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმართველობას უმოქმედოს უწოდებენ.

მათი განცხადებით, იმ ფონზე როდესაც სკოლის ფასადის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია პრობლემის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს. ისინი აღნიშნავენ, რომ პროექტი რომლის მიხედვითაც სამხატვრო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, შენობის მხოლოდ ინტერიერის მოწესრიგებას ითვალისწინებს.ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველმა შალვა ტლაშაძემ ოპონენტები არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.მან ტელეკომპანიის ჟურნალისტს აღნიშნული სკოლის ექსტერიერის რეაბილიტაციის პროექტი წარუდგინა.„ოპოზიციურ პარტიებს ვურჩევ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და განცხადებების გაკეთებამდე თემას გაეცნონ დეტალურად.მოსახლეობას მინდა ვაცნობო, რომ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი დიდი ხანია მუშაობს ამ მიმართულებით. მომზადებულია სამხატვრო სკოლის ექსტერიერის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც იაპონიის მთავრობის გრასრუტის პროგრამის ფარგლებში გრანტის მოპოვების მიზნით წარდგენილია ამავე ქვეყნის საელჩოში. ამ ეტაპზე ველოდებით პასუხს.ნაციონალურ მოძრაობას მინდა შევახსენო, რომ სკოლის შენობის მდგომარეობა წლებია სავალალოა და დღეს არ დამძიმებულა. აღნიშნული პრობლემის მოგვარება, რისთვისაც მათ დიდი დრო ქონდათ, ვერ შეძლეს“ - განაცხადა შალვა ტლაშაძემ