ქალაქი გორი - თვითმმართველი ქალაქი და შიდა ქართლის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს მტკვრისა და დიდი ლიახვის შესართავთან, ზღვის დონიდან 588 მეტრ სიმაღლეზე, თბილისიდან (დედაქალაქიდან) 76 კილომეტრში. გორში ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი ჰავაა, იცის ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 10,9 °C, იანვარი −1,2 °C, აგვისტო 22,5 °C. ნალექები 585 მმ. წელიწადში. ამჟამად მოსახლეობა 49,5 ათასს კაცს შეადგენს (2002 წ.). გორი მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძია.
2014 წელს საქართველოს კანონმდებლობაში   განხორციელებული ცვლილებებისა და 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგად, გორმა დაიბრუნა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, გამოეყო რაიონს  და ჩამოყალიბდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტად.
დღეისათვის გორში ადგილობრივი თვითმმართველობა წარმოდგენილია აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოებით. წარმომადგენლობითი ორგანო – ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო შედგება პროპორციული წესით არჩეული 10 და მაჟორიტარული წესით არჩეული 5 წევრისგან. აღმასრულებელ შტოს ხელმძღვანელობს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც ხალხის მიერ  არჩეული ხელისუფალია.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში, როგორც შიდა ქართლის ადმინისტრაციულ ცენტრში, განთავსებულია  სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია და  ცენტრალური ხელისუფლების ტერიტორიული ორგანოები.
 მუნიციპალიტეტის ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა წარმოდგენილი აშემდეგი სახით: შიდა მეურნეობის გადამუშავება, მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ვაჭრობა, მმართველობა, განათლება, ჯანდაცვა და სხვა მომსახურება. ქალაქში ფუნქციონირებს მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოები,სამშენებლო ორგანიზაციები, სასატუმროები, რესტორნები, კაფე-ბარები და სავაჭრო ობიექტები.
ქალაქი გორი მდიდარია ისტორიული და კულტურული ძეგლებით და ტურიზმის განვითარებისთვის უზარმაზარი შესაძლებლობები გააჩნია. ქალაქის მთავარ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს გორის საკათედრო ტაძარი,  თეატრი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული და  საბრძოლო დიდების მუზეუმები რეაბილიტირებული ციხის უბანი და ი.ბ.სტალინის სახლ-მუზეუმი. ქალაქის ე.წ. ,,სავიზიტო ბარათი“ კი გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე გაშენებული ისტორიული ციხესიმაგრე ,,გორისციხეა“, რომელიც ძვ.წ.აღ-ის I ათასწლეულით თარიღდება.
ქალაქში მდებარეობს ტურიზმის საინფორმაციო ცეტრი, რომელიც ტურისტებს აწვდის ინფორმაციას ტურისტული მარშრუტების, განთავსებისა და კვების ობიექტების შესახებ.
ქალაქის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, პროფესიული განათლების სასწავლო ცენტრები, საჯარო სკოლები, სკოლამდელი დაწესებულებები, სამუსიკო სკოლა, კულტურული დაწესებულებები და გასართობი ცენტრები. ფუნქციონირებს გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, რომელიც დღეისათვის ერთ-ერთი წამყვანი რეგიონული თეატრია. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე ფუნქციონირებს კულტურული და სპორტული ორგანიზაციები, კინოთეატრი ,,გამარჯვება”.

ქალაქ გორში არის  გორისა და ატენის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს
ორი ადგილობრივი სატელევიზიო კომპანია  „თრიალეთი“ და   „დია“ და  3 ბეჭდური გამომცემლობა: ,,გორის მაცნე“,  ,,ხალხის გაზეთი“ და ჟურნალი ,,ქართლოსი“, რომელთა გავრცელების არეალი სცილდება მუნიციპალიტეტის საზღვრებს.